logo
ENG



"მზად ვარ, ყველას შევხვდე, ვინც ხელისუფლებისგან საფრთხეს გრძნობს" - იოსელიანი სტუდენტებს

15 მარ 202312:25
3 წუთის საკითხავი
 
"მზად ვარ, ყველას შევხვდე, ვინც ხელისუფლებისგან საფრთხეს გრძნობს" - იოსელიანი სტუდენტებს
ფოტო: ვახო ქარელი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსული კანონის წინააღმდეგ 7-9 მარტს გამართულ აქციებში მონაწილე სტუდენტების საჯარო მიმართვას ეხმაურება.

იოსელიანი აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ყველა ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ აქციებზე დაირღვა მათი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ, ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

სტუდენტებმა სახალხო დამცველს 14 მარტს ტელეკომპანია პირველის ეთერით მიმართეს და ოცნებისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს.

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 

9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.


close დახურვა